“Strange Things” ადიგენში

July 12, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

​ადიგენის სოფელ სამყურეში მცხოვრები ჩხაბერიძეების ოჯახი ირწმუნება, რომ მათ სახლში უცნაური მოვლენები თითქმის ორი თვეა ხდება, რის გამოც მათ სახლი დაცალეს და დროებით ნათესავებთან და მეზობლებთან რჩებიან. ისინი მერიისგან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ. 

საქმე ეხება, სახლს, რომლის მცხოვრებლებიც ირწმუნებიან, რომ შენობაში ქსოვილის შემცველ ნივთებს ცეცხლი თავისით უჩნდება. გვეუბნებიან, რომ ამ ბოლო დროს კედლებზე სხვადასხვა ფორმის ბზარები შეამჩნიეს.

თემაზე ვიდეო ნახეთ ბმულზე: ადიგენის სოფელ სამყურეში მცხოვრები, ჩხაბერიძეების ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ უკვე 20 დღეა, მათ სახლში უცნაური მოვლენები ხდება.

ჩვენმა რედაქციამ თემაზე ვრცელი მასალა 20 ივნისს მოამზადა, მაშინ ადიგენის მერი გვეუბნებოდა, რომ ოჯახს დროებით ალტერნატიულ ფართს გამოუყოფენ. ჩვენ გადავამოწმეთ, რა განვითარება მოჰყვა ამბავს.

როგორც სახლის ერთ-ერთი ბინადარი ირმა ბოჭორიშვილი გვეუბნება, მიუხედავად მერის დაპირებისა, მათ ამ დრომდე ფართი არ გადასცემიათ. საპირისპიროს ამბობს, მერი გოჩა ქიმაძე. მისი თქმით, იმავე სოფელში ოჯახისთვის ფართი გამოიყო, თუმცა მათ ქირით გასვლაზე უარი თქვეს და სახლის შეძენას ითხოვენ, რის უფლებასაც, მერისვე განმარტებით, კანონი არ აძლევს.

ამ დროისთვის ოჯახის წევრები გვეუბნებიან, რომ საკუთარი სახლი დატოვეს და მეზობლებსა და ნათესავებს აფარებენ თავს.