სოფელ გორელოვკას მოსახლეობა წყლის და საძოვრების პრობლემებს აპროტესტებს

January 20, 2020

სოფელ გორელოვკას მოსახლეობა წყლის და საძოვრების პრობლემებს აპროტესტებს.

საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მთავარი გზის ნინოწმინდის მონაკვეთი აქციის მონაწილეებმა თითქმის ორი საათით გადაკეტეს.

წყლის დეფიციტი სოფელში განსაკუთრებით მას შემდეგ შეიქმნა, რაც ცენტრალური წყლის მილზე ფერმერები დააერთეს. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე დღეა წყალი მხოლოდ 5 ფერმერს მიეწოდება.

ერთ-ერთი ფერმერი კი ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანია.

მოსახლეობასთან ადგილზე ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი მივიდნენ. გუბერნატორი მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. მისი თქმით, ხვალვე შეიქმნება სპეციალური ტექნიკური ჯგუფი და ცენტრალური წყლის მილზე ყველა უკანონო მიერთება ჩაიჭრება. გაზაფხულიდან კი ალტერნატიული წყლის სისტემა მოეწყობა.

წყლის პრობლემამ გორელოვკას N3 საჯარო სკოლაში სასკოლო პროცესიც შეაფერხა. სკოლის ცენტრალური გათბობა წყალზე მუშაობს, ხოლო უწყლობის გამო გაყვანილობა გაიყინა.

„ფაქტობრივად გაკვეთილებს, ვერ ვესწრებით. დღეს ორი გაკვეთილი ჩაგვიტარდა, რამის მოსმენა და გაგება შეუძლებელია ისე გვცივა ვიყინებით. ყველა იმაზე ვფიქრობთ როგორ გავითბოთ ხელები და ფეხები.“ – TOK TV-სთან საუბრისას განაცხადა სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ.

სკოლის დირექტორის, ეკა სუდაძეს თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ეს პრობლემა აქამდეც ჰქონია და მასაც არაერთხელ მიუმართავს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, მაგრამ ამაოდ. „ სამი დღეა გათბობა არ არის, დღეს იძულებული გავხდით საგაკვეთილო პროცესი შეგვემოკლებინა, რადგან გაუსაძლისი სიცივე იყო, აქამდე იმდენად არ ციოდა, მაგრამ ახლა ძალიან ცუდი ამინდებია და ყინავს. იძულებული ვარ განათლების სამინისტროს მივმართო, ეგებ როგორმე მოგვარდეს გათბობის პრობლემა.”

თემასთან დაკავშირებით ჩვენ ახალქალაქის მერს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

16 იანვარს სწორედ წყალის პრობლემის გამო მოხდა ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარესა და გორელოვკას მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება.

აღნიშნულზე შსს-მ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Leave a Reply