სოფელ ვაზიანში 960 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია იგეგმება – #ტენდერი

November 9, 2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ვაზიანის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, რომლისთვისაც მუნიციპალურმა ორგანომ ტენდერი, 23 აგვისტოს, 800 000-ზე მეტ ლარზე გამოაცხადა. 

მასში მონაწილეობა ოთხმა პრეტენდენტმა მიიღო, რომელთაგან ყველაზე მცირე 670 000-მდე ლარი, შპს “ქციამ” მიიღო და ხელშეკრულება 20 ოქტომბერს გაფორმდა. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება, სოფელ ვაზიანში 960 მეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 

როდის დაიწყება სამუშაოები? კომპანიაში გვითხრეს, რომ სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ, შპს “ქვენიფნელიმ” უნდა განახორციელოს და ინფორმაციისთვის მასთან გადაგვამისამართა. აქ ჩვენი რეგალიის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშეს. 

სოფელ ვაზიანში დაზიანებული და ამორტიზებული გზის პრობლემაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. დაზიანებულ გზებთან დაკავშირებით , ჩვენ გარდაბნის მერიასთან კომუნიკაცია ვცადეთ, თუმცა მათგან პასუხი ვერ მივიღეთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გარდაბნის მერიამ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, მაშინაც კი როდესაც სათქმელი ჰქონდა.

რატომ დუმს მერია მაშინაც კი, როდესაც სათქმელი აქვს ? #გარდაბანი

იგივე მოხდა, მუნიციპალიტეტში არსებული ლიფტების რეაბილიტაციაზეც, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე ტენდერი გამოცხადებული იყო, მუნიციპალიტეტმა ჩვენთან კომუნიკაციისას მაინც დუმილი ამჯობინა. მეტიც, ლიფტების მოწყობის შესახებ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რომლის მიღების მიზნითაც, IDFI-ს მხარდაჭერით, უწყებაში ადმინისტრაციული საჩივარი გავაგზავნეთ. 

“არათქმა” – გარდაბნის მერია საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდის

გარდა ამისა, გარდაბნის სოფელ ვაზიანში არის სასმელი წყლის, დანაგვიანებული გარემოს და კანალიზაციის, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პრობლემა, რომლის შესახებაც მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.