ჩვენი მხრიდანაც იქნება მიღებული ზომები, სამართლებრივ ჩარჩოებში და ფარგლებში მოქცეული,” -“ალტ-ინფოს” პარტია

March 9, 2022

“ალტ-ინფოს” პარტიის ახალციხის ოფისზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე წარწერები წაშალეს. აპირებს თუ არა პარტია ფაქტის გამო სამართალდამცველებისთვის მიმართვას? “კონსერვატიულ მოძრაობაში” ჩვენს კითხვას არ უპასუხეს და გვითხრეს, რომ უახლოეს ხანებში თავად გაავრცელებდნენ განცხადებას. 

“უახლოეს ხანებში გავავრცელებთ ინფორმაციას. ზომებსაც მივიღებთ, მათ შორის სამართლებრივს და ასევე, ჩვენი მხრიდანაც იქნება მიღებული ზომები, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოებში და ფარგლებში მოქცეული,”– გვეუბნება ქარდავა.

კონკრეტულად რა ზომებზეა საუბარი ჩვენთვის უცნობი დარჩა, რადგან გიორგი ქარდავამ ტელეფონი გაგვითიშა. 

დაიწყო თუ არა გამოძიება? ამის გარკვევას შსს-ში ჩვენ უკვე მესამე დღეა ვცდილობთ, თუმცა საგამოძიებიო უწყებაში გვეუბნებიან, რომ “მოიკითხავენ.”

შეგახსენებთ, რომ ალტ-ინფოს ახალდაარსებული პარტიის ოფისზე შეურაცხმყოფელი წარწერები 6 მარტს გააკეთეს. 

აქვე გეტყვით, «ალტ-ინფო» დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. 

ალტ-ინფო არაერთხელ მოხვდა ფაქტ ჩეკერების კვლევებში, როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.