წალკის სოფლებში, კოხტაში და ხარაბაში წყლის მიწოდება აღდგა

September 6, 2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კოხტაში და ხარაბაში, სადაც სასმელი წყლის მიწოდება 8 დღის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, აღდგა – როგორც მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და კეთილმოწყობის დირექტორი, თამაზ ზოიძე გვეუბნება, სატუმბი სადგური სამ სოფელს, ხარაბას, კოხტას და თრიალეთს სასმელი წყლით ამარაგებს.

აქედან, თრიალეთისთვის ერთი ტუმბო და ძრავია გამოყოფილი, ხოლო ერთი – კოხტასთვის და ხარაბასთვის, რომელიც ერთ კვირაზე მეტი დაზიანებული იყო. ხოლო მისი აღდგენა მუნიციპალიტეტს 30 000 ლარამდე დაუჯდა.

როგორც თამაზ ზოიძე გვეუბნება, სოფლებში მცხოვრებლებს წყალი ძველი გრაფიკით და სიმძლავრით მიეწოდებათ. ანუ დღეში ერთხელ საშუალოდ 3-4 საათით.

აქვე გეტყვით, იმის შესახებ რომ სოფლებში მცხოვრებლებს წყალი არ მიეწოდებოდათ, ჩვენ მასალა 30 აგვისტოს მოვამზადეთ, როგორც მაშინ თამაზ ზოიძემ გვითხრა ციტატა: ” კვირა და ორშაბათი უქმე იყო, რა დროსაც ბაზრობა არ მუშაობდა, რომ საჭირო ნაწილები ეყიდათ.”

საქსტატის ცნობით, წალკაში და ხარაბაში 500-მდე მოსახლე ცხოვრობს.