ქარბუქის გამო, ფარავნის უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვებია – სგდ

January 9, 2024

რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვიდასტურებენ. 

ამავე წყაროს ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება ნებადართულია.

ფარავნის უღელტეხილზე გადაადგილებაზე შეზღუდვა ორი დღის განმავლობაში იყო დაწესებული, გუშინ დილის საათებში შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა დღეს კვლავ დააწესეს.

აქვე ამინდის შესახებ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეიდან 11 იანვრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

“დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია განცხადებაში.