ქვიშა-მარილი, მძიმე წონიანი ავტომობილები – მერიის თქმით, რა აზიანებს ახალციხის გზებს

January 29, 2024

რამ გამოიწვია ახალციხის ქუჩებზე, საავტომობილო გზების დაზიანება და როდის ჩაუტარდათ ბოლოს კოსტავას, რუსთაველის და დიდიმამიშვილის ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია? – ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ გზის დაზიანება გამოწვეულია საავტომობილო გზების ქვიშა-მარილის ნარევით დამუშავებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების აღდგენითი სამუშაოებით და მძიმე წონიანი ავტომობილების გადაადგილების გამო.

ამის შესახებ ინფორმაცია ახალციხის მერიამ ჩვენს მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხად მოგვაწოდა.

ამავე წყაროც ცნობით, დაზიანებული გზის ორმოულების შეკეთებისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში 8 500 ლარი დაიხარჯა.

იმის შესახებ, რომ ახალციხეში, რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო გზები დაზიანებულია, ჩვენმა რედაქციამ რეპორტაჟი 23 იანვარს მოამზადა.

ახალციხის მერიის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, კოსტავას ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა, რუსთაველის ქუჩას ეტაპობრივად – 2018, 2019 და 2020 წელს. ამავე წყაროს ცნობით, დიდიმამიშვილის ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჩატარებია.