ახალციხის მერის მოადგილე, “რუსული კანონის” მიხედვით, 2006-2011 წლებში “უცხოური გავლენის გამტარებლად” გამოცხადდებოდა

April 8, 2024

ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის პირველი მოადგილე, ილია ზარდიაშვილიც არაა გამონაკლისი და ისიც სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად აზიარებს “ოცნების” მიერ შემუშავებულ “ქარდებს“, იმის შესახებ თუ რატომ არ არის “რუსული კანონი” რუსული, რომელსაც Facebook უკვე მესამე დღეა ბლოკავს და ცრუ ინფორმაციად ნიშნავს.

რატომ არის ეს თემა საინტერესო? – ილია ზარდიაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება აქვს და 2006-2011 წლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, იგი “საქართველოს კარიტასში” და “Mercy Corps”-ში მუშაობდა. 

– 01/2010 – 06/2011 წწ. – საქართველოს კარიტასი / კარიტასი – ჩეხეთის რესპუბლიკა, პროგრამის რეგიონული მენეჯერი;      

– 02/2010 – 01/2011 წწ.- Mercy Corps / ABCO, პროექტის ოფიცერი სამცხე-ჯავახეთის მხარეში;

– 06/2009 – 01/2010 წწ. –  საქართველოს კარიტასი, ფინანსური ოფიცერი;

–  10/2006 – 12/2009 წწ. – კარიტასი – ჩეხეთის რესპუბლიკა, პროექტების მენეჯერი სამცხე-ჯავახეთის მხარეში;

ჩვენ ზარდიაშვილთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა მისი ტელეფონი გამორთულია.

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი კვლავ დააინიცირა, არსებული ინფორმაციით მმართველი პარტია კანონს ბიუროს სხდომაზე დღეს დაარეგისტრირებს. საკითხს გამოეხმაურნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი, განცხადების მიხედვით, “გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.”

“ოცნების”წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, რწმუნებულები, დეპუტატები, პიარები და სხვა საჯარო მოხელეები ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქვეყნებენ სხვადასხვა სახის ბანერებს, რომლებიც Facebook-ის მიერ ცრუ ინფორმაციად ინიშნება.

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ “Facebook-ში ცენზურას ახორციელებენ.”