რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა – სუს-ი

April 22, 2024

“სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა,” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სოციალურ ქსელ, “ტელეგრამში” გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

საუბარია, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმა იგეგმებოდა.

ზემოთხსენებული ინფორმაცია რუსულ ენაზე ვრცელდებოდა, ამ დროისთვის “ტელეგრამ” არხი აღარ იძებნება.

“მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.