“ენმ”-ს და “ოცნების” შემწირველი – ვალეში მაჭარაშვილის ქუჩის გზის სავარაუდო დამგები

February 10, 2023

ახალციხეში, ქალაქ ვალეში მაჭარაშვილის ქუჩის, 1 281 მეტრიან გზას რეაბილიტაციას სავარაუდოდ ის კომპანია ჩაუტარებს, რომლის დირექტორსაც 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობისთვის” 60 000 ლარი და 2021 “ქართული ოცნებისთვის” 50 000 ლარი აქვს შეწირული.

ამასთან, საკუთრივ შპს “არალმა” 2017 წელს “ქართულ ოცნებას” 40 000 ლარი შესწირა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის, ახალციხის მერიამ ტენდერი 1 211 000 ლარზე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ შპს “არალმა” მიიღო და სამუშაოებისთვის გათვალისწინებულზე 49 000 ლარით ნაკლები შესთავაზა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი. სამუშაოებისთვის, თანხა რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.

დამატებითი დეტალებისთვის ჩვენ კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მითითებული ნომერი მიუწვდომელია.

ფოტო: droa.ge