“ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას,” – პრეზიდენტი

February 9, 2023

“ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას,” – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის ახალი გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.

“ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას. 

სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება,” – ნათქვამია განცხადებაში.