7 წელიწადში 3 მსურველი და ყოველწლიური 11 280 ლარი მიუსაფართა თავშესაფრისთვის – #ახალციხე

October 28, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში არსებობს უსახლკარო ადამიანების თავშესაფარი, რომელიც ერთჯერადი მოხმარებისთვის გამოიყენება. მოქალაქეს ამ შენობით სარგებლობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია.

თავშესაფარი 2016 წელს აშენდა, თუმცა “სათნოების სახლის” დირექტორის, მერი ბარძიმაძის თქმით, ამ დრომდე შენობა 3-მდე პირმა გამოიყენა, რომელმაც ღამე ერთჯერადად გაათია.  

თავშესაფარის და იქ დასაქმებული ორი მეთვალყურის ანაზღაურება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მაგალითად, 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შენობის მეთვალყურეთა ხელფასებისთვის 11 280 ლარია გამოყოფილი.

თავშესაფრის საჭიროების, მისი მოვლის და ფუნქციონირების შესახებ ჩვენ კითხვა როგორც დირექტორს, ისე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით ტაბატაძეს დავუსვით. ბარძიმაძის თქმით,​ მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი არ ჰყავთ საჭიროა შენობის ფუნქციონირება, რათა საჭიროების შემთხვევაში მზაობა იყოს. იგივე აზრზეა დავით ტაბატაძეც.

შეგახსენებთ, რომ შენობის მშენებლობისთვის, ახალციხის მერიამ 2016 წლის 118 400 ლარი დახარჯა. 

რაც შეეხება სათნოების სახლის პროგრამას, რომელიც მარტოხელა, პენსიონერი, უკიდურესად გაჭირვებული და სიღარიბის ზღვარს მირმა მყოფ პირების უფასო კვებით უზრუნველყოფას გულისხმობს, დირექტორის, მერი ბარძიმაძის თქმით, მათ 187 ბენეფიციარი ჰყავთ, რომელთაც კვირაში 5 დღის განმავლობაში კვებით უზრუნველყოფენ. თითოეულზე ყოველდღიურად გათვალისწინებულია 2,36 ლარი. 

2022 წელს სათნოების სახლმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 193 ათასი ლარი მიიღო, საიდანაც 54 ათას ლარამდე ხელფასებს მოხმარდა.