3 მილიონ 500 ათას ლარამდე ადიგენის ინფრასტრუქტურისთვის #2022_წლის_ბიუჯეტი

February 3, 2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის, საკანალიზაციო სისტემისთვის და გარე განათებისთვის, მიმდინარე წელს 3 მილიონ 500 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს, — აღნიშნული ხარჯები ასახულია 2022 წლის ბიუჯეტში.

ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 920 900 ლარის გამოყოფა იგეგმება, კერძოდ: გზების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, რეაბილიტაცია, ორმული შეკეთება, მოხრეშვა და ა.შ.

რაც შეეხება სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგებას და საგუბრების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მერია ამისთვის 500 000 ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს. გარე განათებისთვის 500 000 ლარია გამოყოფილი, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთვის 25 ათასი ლარი, ხოლო ააიპ ადიგენის წყალმომარაგებისთვის – 255 600 ლარი. 

ააიპ ადიგენის წყალმომარაგებამ მთელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მოსახლეობა სასმელი  წყლით და მასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოფხვრას. 

ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით სასმელი წყალი ყველა სოფელს (57) მიეწოდება, თუმცა წყლის მაგისტრალები უმეტეს სოფლებში მოძველებული და ამორტიზირებულია, რის გამოც საჭიროა სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალების დროული რეაბილიტაცია.

აქვე ნახეთ: 7.5 მილიონ ლარამდე ახალციხეში ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისთვის — #2022_წლის_ბიუჯეტი

რა ოდენობის თანხაა განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და დასუფთავებისთვის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გვერდს Toktv.ge, ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.