60 ათასამდე ლარი ივლიტას ეკლესიის რეაბილიტაციის II ეტაპისთვის – ტენდერი

June 10, 2023

ახალციხის სოფელ ივლიტას ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპისთვის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 60 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება: დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე ქარდამცავი პანელების მოწყობა; ტაძრის ინტერიერში კედლებიდან ნალესობის მოხსნა; ინტერიერში ელ. გაყვანილობის მონტაჟი; ჭერის შეფიცრვა; მანსარდში მინა-ბამბის მოწყობა; ინტერიერში არსებული ხის კოჭებისა და ძელების რესტავრაცია; კედლების შელესვა და შეღებვა; ტაძრის იატაკის მოხეხვა ჯაგრისებით.

18-19 საუკუნეში აგებული, მულტირელიგიური ეკლესია, სადაც მართლმადიდებელი და კათოლიკე მორწმუნეები ერთად ლოცულობდნენ, 2021 წლის 16 თებერვალს დაზიანდა, ხოლო გასულ წლის ზაფხულის თვეში სახურავი ჩამოინგრა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეკლესიის აღდგენა მიმდინარე წელს დაიწყო, მანამ აქაური მრევლი ლოცვას ტაძრის მიმდებარე სახლში აღავლენენ.