7.5 მილიონ ლარამდე ახალციხეში ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისთვის – #2022_წლის_ბიუჯეტი

January 14, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის, გარე განათებისთვის და ქუჩების დასუფთავებისთვის მიმდინარე წელს 7 მილიონ 500 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს, – აღნიშნული ხარჯები ასახულია 2022 წლის ბიუჯეტში.

ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 640 000 ლარის გამოყოფა იგეგმება, კერძოდ: გზების შეკეთება 40 000 ლარი, ​ახალი გზების დაგება 500 000 ლარი, ​ნაპირსამაგრი სამუშაოები 100 000 ლარი.

რაც შეეხება წყლის სისტემის მოწესრიგებას, მერია ამისთვის 802 800 ლარის დახარჯვას გეგმავს. გარე განათებისთვის 700 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო კეთილმოწყობისთვის ( კორპუსების რეაბილიტაცია, სახურავების გადახურვა, სადარბაზოების კეთილმოწყობა და სხვა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული. 

რაც შეეხება დასუფთავებას, ამ მუხლში გაწერილი ინფორმაციის მიხედვით, მერია მთელი წლის განმავლობაში 2 მილიონამდე ლარის გამოყოფას გეგმავს. ააიპ ახალციხის სერვის ჯგუფს ევალება მუნიციპალიტეტის ქალაქების და სოფლების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ასევე მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა და ა.შ. მერიაში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული სამუშაოებისთის მუშაობს 9 ნაგავმზიდი. 

რა ოდენობის თანხაა განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და დასუფთავებისთვის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გვერდს Toktv.ge, ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.