ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 67 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ. აქვე გვეუბნებიან, რომ პაციენტს ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები დაავადება, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე.
“თბილისის კლინიკა “ჯერარსში” იმყოფებოდა. მას კორონავირუსის გარდა აღენიშნებოდა სხვადასხვა დაავადება, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე.”
ახალქალაქში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. შედეგად, სასწრაფოს მუშაობა დროებით შეჩერებული იყო.
გაჩერების შესახებ ჩვენ ინფორმაცია ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ავეტიკ ტონაკანიანმა დაგვიდასტურა და აღნიშნა, რომ ახალქალაქს ნინოწმინდის სასწრაფო მოემსახურებოდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი დღეს გვეუბნებიან, რომ სისტემა ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.