“გაზის მრიცხველიდან პირველი ჩვენება 12 ნოემბერს ამოიწერა, მომდევნო ჩვენება კი 32-ე დღეს რის გამოც გაზის დანახარჯმა ლიმიტით დადგენილ 200 კუბურ მეტრს 16 კუბური მეტრით გადააჭარბა”, – ეს ერთ-ერთი იმ მომხმარებლის განცხადებაა, რომელიც ამბობს, რომ დაგვიანებით ამოწერილი ჩვენების გამო კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამით ვერ სარგებლობს. მოქალაქეების ამ და მსგავს განცხადებებს Hummanrights.ge აქვეყნებს.
სემეკისა და თბილის ენერჯის მომხმარებლების თქმით, კომპანიის თანამშრომლები ჩვენებას არა კანონით დადგენილ 30-ე დღეს, არამედ 32-ე, 33-ე დღეს იღებენ.
პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობენ საკუთრივ მარეგულირებელი ორგანოებიც. როგორც სემეკში გვითხრეს ამ მიმართულებით მათთან 1000-ზე მეტი საჩივარია შესული. მათი განმარტებით, თანამშრომლებს ჩვენების დროულად ამოსაწერად მკაცრი გაფრთხილება აქვთ მიღებული, დარღვევის შემთხვევაში კი მომხმარებლებს განცხადების დაწერისკენ მოუწოდებენ.
გაზისა და დენის ჩვენების დაგვიანებით აღებაზე რამდენიმე მომხმარებელმა მიმართა ადამიანის უფლებების ცენტრსაც. ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს დახმარება ფასადური არ უნდა იყოს და არც რომელიმე კომპანიამ უნდა შეაფერხოს მოქალაქეებისთვის დახმარების მიღების შესაძლებლობა.
პრობლემის არსებობას არც ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი უარყოფს.
“მთლიანობაში ვერ მოხერხდა იმის მენეჯმენტი, რომ ანათვალი ზუსტად 30-ე დღეს აღებულიყო. ზოგჯერ კომპანიის თანამშრომლები იღებდნენ ჩვენებას დაგვიანებით, არის შემთხვევები, როცა გაზის მრიცხველი ადამიანს ბინაში აქვს დაყენებული, ჩვენება მათ კომპანიის თანამშრომლისთვის სატელეფონო სმს-ით უნდა გადაეგზავნათ და ხანდახან დაგვიანებით გზავნიდნენ. ვერ ვიტყვი, რომ კომპანიების მხრიდან ეს მიზანმიმართული ქმედება იყო, რადგან სუბსიდირების თანხის ჩარიცხვა არის გარანტირებული და კომპანიას ამ მხრივ არანაირი რისკი არ აქვს. ”
როგორც ომბუდსმენი განმარტავს, მოსახლეობის მხრიდან უფრო მეტი საჩივარი გაზის გადასახადთან დაკავშირებით შემოვიდა. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემის მქონე აბონენტებისთვის 30 დღიანი ციკლის დათვლა პროგრამულად უკვე მოხდა, თუმცა აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ პრობლემა ინდივიდუალურ დონზე კვლავ დარჩა.
რამდენ აბონენტს ჩამოეწერა გადაცილებული თვის გადასახადი და მოხვდა სუბსიდირების პროგრამაში ომბუდსმენი სტატისტიკურ ინფორმაციას არ ფლობს.
ხოლო კითხვაზე დაუბრუნდებათ თუ არა თანხა იმ აბონენტებს, რომლებმაც დაგვიანებით აღრიცხული ჩვენების გამო ვერ ისარგებლებს სუბსიდირების პროგრამით, ომბუდსმენი ამბობს, რომ ჩვენება ასეთი აბონენტების შემთხვევაშიც დაკორექტირდება და თანხა დეპოზიტზე დაერიცხებათ.
მისივე განმარტებით, კორექტირება პროგრამულად უნდა მოხდეს, თუმცა აბონენტს საკითხთან დაკავშირებით საჩივრის წარდგენაც შეუძლია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, იმ აბონენტებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო დაუფარავს.