ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
9-11 ავტომანქანა 5-ს ნაცვლად, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, დაუსაბუთებელი დანამატები, – დარღვევები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018-19 წლების საქმიანობის შესწავლის შემდეგ გამოავლინა.
ნახეთ: 9-11 ავტომანქანა 5-ს ნაცვლად — ადიგენის მერია #აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ადიგენის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოხელეებსა და საკრებულოს წევრებზე დანამატის სახით 14 000 ლარი გასცა. ნაწილის მიზნობრიობა აუდიტმა ვერ დაადგინა.
აუდიტის დასკვნის ამ ნაწილს არ ეთანხმება ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი. ამბობს, რომ უწყებას საკრებულოს წევრებზე დანამატის სახით თანხა არ გაუცია.
აუდიტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2018-2019 წლებში ადიგენის მერიამ 557 500 ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა და მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულების პირობებით მინიჭებული უფლებები ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და საბანკო გარანტიის მოთხოვნის შესახებ.
მაგალითად კი მოყვანილია სოფელ ბოლაჯურში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით − 118 400 ლარი. 2018 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: იმერთუბანი-იჯარეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. 2018 წელს ლელოვანი-ამხერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
საკრებულოს თავმჯდომარე იზიარებს აუდიტის დასკვნის ამ ნაწილს და ამბობს, რომ გამოსწორების მიზნით სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ.
რაც შეეხება ავტომანქანებს, აუდიტი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი 2018-2019 წლებში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა 9-11 სამორიგეო ავტომანქანით, მაშინ, როდესაც რეკომენდირებულია – 5.
მღებრიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების: მერის, მერის მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს მანქანები გამოყოფილია მხოლოდ მათთვის და ისინი სხვა მიზნობრიობით არ გამოიყენება.
რაც შეეხება ე.წ სამორიგეო ავტომანქანებს, რომლებსაც გამოიყენებენ მერიის ან საკრებულოს თანამშროლები, მღებრიშვილი ამბობს, რომ კანონით 5 ავტომანქანის ყოლის უფლება აქვთ, ხოლო 2 ნივის მარკის ავტომანქანა პანდემიის გამო დასჭირდათ.
აუდიტის მონიტორინგის შედეგებზე ჩვენ გვინდოდა ადიგენის მერის, ზაქარია ენდელაძეს პოზიციაც შემოგვეთავაზებინა, თუმცა იგი უკვე მეორე დღეა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
აუდიტის დასკვნის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება, ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე.
როგორია სამართალდამცავი უწყებების რეაგირება აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით? კითხვით ჩვენ პროკურატურაში დავრეკეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ გამოძიება არ დაწყებულა.
სახელმწიფო აუდიტმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მონიტორინგის ანგარიში მიმდინარე წლის 12 მარტს გამოაქვეყნა.