მედია PCR ტესტის გარეშე მასობრივ ღონისძიებებს ვეღარ გააშუქებს – ასეთია პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Covid 19 -ის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების ინტერპრეტაცია.
ეს ორი უწყება საერთაშორისო კონფერენციას ,,ევროპული გზა“ ერთად მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობისთვის, სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან.
,,საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, CoVID 19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, მასობრივი ღონისძიებების მონაწილეები ვალდებულნი არიან წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.
ტესტის წარდგენის გარეშე, მედიის წარმომადგენლები ბათუმის კონფერენციაზე არ დაიშვებიან.“ – ვკითხულობთ კონფერენციაზე მედიის სააკრედიტაციო ფორმაში. ამასთან PCR -ის ნეგატიური პასუხი Covid 19-ის წინააღმდეგ ვაქცინირებულ პირებსაც მოეთხოვებათ.
ცვლილებები, რომლითაც PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები ტრენინგზე, კონფერენციასა, სემინარზე მონაწილეთა დასწრება, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 19 ივლისიდან შედის. თუმცა დადგენილებაში ამ კონტექსტში მედია მოხსენიებული არ არის.
ახალი შეზღუდვები ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას 5-6 ივლისის მოვლენების გამო მედიის პროტესტის ფონზე ამცნო. შეზღუდვები დროში დაემთხვა სამთავრობო გუნდის მიერ კრიტიკული მედიისთვის მორიგი ბოიკოტის გამოცხადებას.
PCR ტესტის ღირებულება, რომლის აღება შესაძლოა მოვლენათა გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლებს ორ დღეში ერთხელ მოუწიოთ, 110 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს. ლაბორატორიების რაოდენობა კი, რომლებიც მსგავს მომსახურებას სწევენ, საქართველოში მედიაორგანიზაციების რაოდენობაზე ნაკლებია.
დამატებითი განმარტებების მიღების შემდეგ მასალა განახლდება.