დღეს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან. როგორც ახალციხის საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დავით ახალკაცი გვეუბნება, აქციას ახალციხიდან 700–მდე პირი შეუერთდება.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
“დღეს ახალციხიდან 700-მდე ადამიანი შევუერთდებით აქციას. ნაწილი დარჩება თბილისში, ნაწილი კი უკან დაბრუნდება. დღეიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღარ დავიშლებით სანამ სააკაშვილს საავადმყოფოში არ გადაიყვანენ და დამოუკიდებელ სასამართლოში არ ჩაინიშნება მისი პროცესები”– ამბობს დავით ახალკაცი.
დღევანდელი აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის 49–ე დღეს გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებასთან არსებულ საავადმყოფოში გონება დაკარგა.