ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის, გარე განათებისთვის და ქუჩების დასუფთავებისთვის მიმდინარე წელს 7 მილიონ 500 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს, – აღნიშნული ხარჯები ასახულია 2022 წლის ბიუჯეტში.
ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 640 000 ლარის გამოყოფა იგეგმება, კერძოდ: გზების შეკეთება 40 000 ლარი, ახალი გზების დაგება 500 000 ლარი, ნაპირსამაგრი სამუშაოები 100 000 ლარი.
რაც შეეხება წყლის სისტემის მოწესრიგებას, მერია ამისთვის 802 800 ლარის დახარჯვას გეგმავს. გარე განათებისთვის 700 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო კეთილმოწყობისთვის ( კორპუსების რეაბილიტაცია, სახურავების გადახურვა, სადარბაზოების კეთილმოწყობა და სხვა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება დასუფთავებას, ამ მუხლში გაწერილი ინფორმაციის მიხედვით, მერია მთელი წლის განმავლობაში 2 მილიონამდე ლარის გამოყოფას გეგმავს. ააიპ ახალციხის სერვის ჯგუფს ევალება მუნიციპალიტეტის ქალაქების და სოფლების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ასევე მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა და ა.შ. მერიაში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული სამუშაოებისთის მუშაობს 9 ნაგავმზიდი.
რა ოდენობის თანხაა განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და დასუფთავებისთვის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გვერდს Toktv.ge, ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.