“ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობა” ჟურნალისტებისადმი მუქარასა და თავდასხმებს განაგრძობს” – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ალტ-ინფოს” პარტიის წარმომადგენლის მიერ TOK TV-ს ჟურნალისტის მიმართ მუქარის შესახებ
«ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება» — ალტ-ინფოს პარტიის მუქარა ჟურნალისტს
ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობა” ჟურნალისტებისადმი მუქარასა და თავდასხმებს განაგრძობს. TOK TV-ს მიერ 2022 წლის 17 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს „კონსერვატიული მოძრაობის” ოფიციალური Facebook-ანგარიშიდან დაემუქრნენ. „ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება” – ეს კომენტარი, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” სახელით, მედიასაშუალების იმ მასალის ქვეშ დაიწერა, რომელიც ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ამ პარტიის მხარდაჭერას ეხებოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტისადმი მუქარა სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლები ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში ჟურნალისტთა მასობრივი დარბევისა და ძალადობის ორგანიზატორები. ამ დარბევის შედეგად დაშავებული ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა. ამავე მოძრაობის ლიდერები ემუქრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს და მოითხოვდნენ გადაცემა „ახალი კვირის” დახურვას. მოგვიანებით ეს გადაცემა ფორმალურად სხვა მოტივით, მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტმა მაინც დახურა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს. მიგვაჩნია, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.