“ჯუნგლების კანონის” დაბრუნება,” – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ომზე

March 1, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“ჯუნგლების კანონის” დაბრუნება –  ასე აფასებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას. მისი განცხადებით, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა მათ, ვინც აფინანსებს ომს, რის შემდეგაც რუსეთის საბანკო სისტემა დაზიანდება და საერთაშორისო რეზერვებზე წვდომა შეეზღუდებათ. ბორელის თქმით, ამ გადაწყვეტილებით პუტინი აგრესიისთვის პასუხს აგებს.   

“ახლა საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის სრულმასშტაბიან იზოლაციას აირჩევს, რათა პრეზიდენტმა პუტინმა ამ აგრესიისთვის პასუხი აგოს. სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც აფინანსებს ომს, რითაც რუსეთის საბანკო სისტემას დავაზიანებთ და საერთაშორისო რეზერვებზე მის წვდომას შევზღუდავთ,” – ნათქვამია განცხადებაში.   

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ასევე აცხადებს რომ რუსეთმა თავისი დანაშაულის გასამართლებლად, რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება და მოტყუების და მანიპულირების მიზნით რუსული სახელმწიფო მედიები და მასთან დაკავშირებული პლატფორმები ტყუილებს ავრცელებდნენ. ​აქვე ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი სამიზნე საქართველოცაა. 

“თავისი დანაშაულების გასამართლებლად კრემლმა და მისმა მხარდამჭერებმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წამოიწყეს დეზინფორმაციის უზარმაზარი კამპანია. ვნახეთ რუსული სახელმწიფო მედია და მასთან დაკავშირებული პლატფორმები, რომლებიც მოტყუებისა და მანიპულირების მიზნით სიცრუეს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც  კრემლის დეზინფორმაციული საქმიანობის სამიზნე საქართველოც  არის და იცის, თუ როგორ აღმოაჩინოს ინფორმაციით მანიპულირების კრემლისეული მცდელობა.”

ვრცელი განცხადება ნახეთ შემდეგ მისამართზე:

https://eeas.europa.eu/delegations/georgia/111757/node/111757_ka?fbclid=IwAR2fAr30pIbFMCM4j_EnW-Y82hXXPKrxcNUPVAURhPv98M6qluv6xFmpOS4