ახალციხის მერია, დავითი და კონსტანტინეს ქუჩიდან გვარამაძის ქუჩამდე, ე.წ “მლაშიხევ“-ზე არსებული 108 მეტრიანი სანიაღვრე არხის რკინა-ბეტონით მოწყობისთვის 700 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ხევში ჩაედინება, როგორც ზედაპირული ასევე საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლები, რაც ანტისანიტარიულ მდგომარეობას ქმნის. ტენდერის მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია ხევზე არსებული საფეხმავლო ხიდის, ჯებირების და სხვა ნაგებობების დემონტაჟი და ახალი ხიდის მოწყობა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სანიაღვრე არხი და სხვა სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კვირის განმავლობაში უნდა მოაწესრიგოს.
მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
მათივე ცნობით, აღნიშნული სანიაღვრე არხი სულ 325 მეტრია. კოლექტორის მოწყობის პროექტი რამდენიმე ეტაპიანი იყო და ეს დამამთავრებელია.
წინადადებების მიღება 21-26 მარტს იწარმოებს.