300 000 ლარზე მეტი სოფელ რუსთავის 600 მეტრიანი გზისთვის – ასპინძა

April 14, 2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საავტომობილო გზის დაახლოებით 600 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ასპინძის მერია 300 ათას ლარზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მერია გზის რეაბილიტაციისთვის 308 320 ლარის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა კონკურსში მონაწილე კომპანიამ შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №2”-მა სამუშაოებისთვის 305 ათასი ლარი შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა. გარდა აღნიშნული კომპანიისა გზის რეაბილიტაციის სურვილი კიდევ ორმა გამოთქვა.

“ჯავახავტოგზამ” სამუშაოებისთვის 276 ათასი ლარი, ხოლო შპს “კომპანია ელ ეს ჯორჯია”-მ 308 320 ლარი შესთავაზა. თუმცა იქვე ვკითხულობთ, რომ “ჯავახავტოგზამ” ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. 

“ჯავახავტოგზაში” გვეუბნებიან, რომ კონკრეტულად რის გამო მიიღეს დისკვალიფიკაცია არ ახსოვთ.

სატედნერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

ასევე, ტენდერით გათვალისწინებულია ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა და ცხაურებით გადაფარვა. როგორც მერიაში გვეუბნებიან, თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო.

ბოლოს როდის შეკეთდა საავტომობილო გზის მონაკვეთი? მერი გვეუბნება, რომ ამის გასაგებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.