“დაუსაბუთებლად გაგვათავისუფლეს. ახლა უთხრეს დასაქმებულებს, თუ ხელს არ მოაწერთ ხელფასს არ მოგცემთო,” – გვეუბნება ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნიდან გათავისუფლებული სანდრო ბაბლიძე. მისი თქმით, აპირებს გააპროტესტოს და კანონის ფარგლებში მოითხოვოს სამსახურში აღდგენა იმ პირობებით, როგორც აქამდე იყო.
პროფკავშირების წარმომადგენელის, გიორგი დიასამიძის თქმით, დღეს მედიატორთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი მოთხოვნები. “მედიატორმა გვითხრა, რომ არსებობს საერთო გადაკვეთის წერტილები კომპანიასა და დასაქმებულებს შორის. მზად ვართ გაგრძელდეს მედიაციის პროცესი.”
კომპანიის თანამშრომლები ითხოვენ 49 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას, ძველი შრომითი პირობების დაბრუნებას, კოლექტიური შეთანხმების დადებას, უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას და ხელფასების 25 %-იან მატებას.
შეგახსენებთ, რომ IDS ბორჯომის საქართველოს ერთ-ერთი რუსი მფლობელის სანქცირების გამო, კომპანიამ ბორჯომის ჩამოსხმა შეაჩერა. ხელშეკრულებებში ცვლილებები შეიტანა და იმ პირების ნაწილი, რომლებმაც განახლებულ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა გაათავისუფლა.
ამ დროისთვის, კომპანიის ინფორმაციით, სულ გათავისუფლებულია 49 თანამშრომელი. კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო”-ში კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.