პროფ. კავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ “ბორჯომის” ჩამომსხმელმა კომპანიამ რუსეთიდან 10-მდე პირი ჩამოიყვანა და მათ დღიურად უხდიან ანაზღაურებას. მისივე თქმით, პირებს, რომლებიც გაფიცულები არიან 2 თვის ხელფასი არ ჩარიცხვიათ, რის გამოც დღეს მათ ორივე ქარხნის შესასვლელი გადაკეტეს.
“IDS ბორჯომის საქართველოში” ჩვენ რედაქციას ეუბნებიან, რომ ახალი კადრები არ აუყვანიათ. რაც შეეხება დაგვიანებულ ხელფასებს ამბობენ, რომ კომპანია პირველ რიგში ხელფასებს იმ პირებს ურიცხავს, “ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული.“
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული,“ – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის თანამშრომლები 31 მაისს გაიფიცნენ. მათ მოთხოვნებს შორის არის გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ძველი შრომითი პირობების დაბრუნება და ხელფასების 25 %-იანი ზრდა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოება მცირე მასშტაბით განაახლეს, რაც შეეხება კრიზისის პერიოდში ხელფასების ზრდას, მათთვის ეს კრიზის ხელოვნურ გამწვავებად არის აღქმული.
შეგახსნებთ, კომპანიამ ჩამომსხმელი ორი ქარხნის მუშაობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც მისი აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელს, რუს ოლიგარქს სანქციები შეეხო.