ავტორი: სოფიკო ქარცივაძე
ქალი, რომელიც ქალაქიდან სოფელში ჩამოვიდა და დღეს უკვე საკუთარ საოჯახო ბიზნესს წალკაში მართავს.
მაია მკრტიჩიანი საცხოვრებლად, თბილისიდან წალკაში დაახლოებით 8 წლის წინ გადავიდა და სოფელ დაშბაშში დასახლდა. ამბობს, რომ სოფელში ცხოვრება იმდენად მოსწონს, რომ ქალაქში დაბრუნებაზე აღარც კი ფიქრობს.
წალკაში შვილთან ერთად ცხოვრობს, რამდენიმე წლის წინ მცირე ბიზნესიც წამოიწყო და სოფელში ტურისტებისთვის კოტეჯი ააშენა.
“ძალიან მალე ბევრი დამსვენებელიც მივიღე,” – გვეუბნება მაია.
ქალმა მეწარმემ კიდევ ერთი კოტეჯი ევროკავშირის დაფინანსებით ააშენა. დღეს უკვე ორი იზოლირებული სივრცე აქვს, რომელშიც ტურისტებს მასპინძლობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მეშინოდა, რომ ვერ შევძლებდი, თუმცა ყველა დაბრკოლება გადავლახე, და აქამდე მოვედი,“– გვეუბნება მაია მკრტიჩიანი.
მაიამ ორი შვილი მარტომ გაზარდა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა. ვიდრე საკუთარ საქმიანობას დაიწყებდა, წალკაში ჭადრაკის მასწავლებლად მუშაობდა, ამ საქმიანობას ახლაც არ წყვეტს.
ამბობს, რომ დღეს უკვე ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობს და იდეაც ბევრი აქვს.