ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მუნიციპლაიტეტის სოფელ ბეშთაშენში ახალი სასწავლო წელი პირველკლასელების გარეშე დაიწყო.
ბეშთაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში 3 სოფელი შედის და ჯამში 922 ადამიანი ცხოვრობს.
არჯევარ სარვანში კი, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 1136 ადამიანი ცხოვრობს სკოლაში 3 პირველკლასელი ისწავლის, – ამის შესახებ ინფორმაცია წალკის განათლების რესურცენტრის უფროსმა დაგვიდასტურა.
ჯამში, წალკის მასშტაბით პირველ კლასში წელს 247 პირველკლასელი წავიდა.
ახალი სასწავლო წელი შემსუბუქებული კოვიდ რეკომენდაციებით დაიწყო. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ.
2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.
საქართველოს სკოლებში, ჯამში სწავლა 55 717 -მა პირველკლასელმა დაიწყო.