ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
როდის შევლენ 2020 წლის ბოლო, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის მცხოვრებლები საკუთარ ბინებში და რამდენად უსაფრთხოა გარემო მათთვის? – კორპუსში მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ წყლის მილები დაზიანებულია და რამდენიმე ადგილზე ჟონავს.
ასევე გვეუბნებიან, რომ წყლის მილები და დენის სადენები ერთმანეთთან ახლოსაა დამონტაჟებული და შიშობენ რომ უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება, ხოლო მუნიციპალიტეტის მერია, მათი ინფორმაციით, მომდევნო თვიდან მათთვის ქირის გადახდას აღარ აპირებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, კორპუსში წყლის სისტემის მოწყობისთვის 5 995 ლარიანი ხელშეკრულება, ინდ მეწარმე თეიმურაზ ლაშხიასთან გააფორმა. როგორც ლაშხია გვეუბნება, ციტატა: “რაც ტენდერში გვეწერა გავაკეთეთ და ადგილობრივებს აქვთ შიდა მილები გამოსაცვლელი, რაც ტენდერით გათვალისწინებული არ იყო.” მისივე თქმით, მან პროექტი მერიას უკვე ჩააბარა.
ჩვენ გვინდოდა ასევე შემოგვეთავაზებინა ახალციხის მერიის პოზიციაც, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება 2020 წლის 24 დეკემბერს მოხდა, მას შემდეგ მაცხოვრებლები სახლებში შესვლას ვერ ახერხებენ.