ახალციხის ავტოსადგურის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებისმიერმა მსურველმა ავტოტრანსპორტით შესვლისთვის 1 ლარი უნდა გადაიხადოს.
გადაწყვეტილებას აპროტესტებენ სადგურის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების მფლობელები და ტაქსის მძღოლები. ტაქსის მძღოლების თქმით, იმისათვის რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაჩერება შეძლონ, დღეში 3 ლარი უნდა გადაიხადონ.
ისინი გადასახადის გაიაფებას და შესვლის გადასახადის გაუქმებას მოითხოვენ. მათივე თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება გზას გადაკეტავენ.
ავტოსადგურის ტერიტორიაზე მაღაზიები ძირითადად ფქვილს, ქატოს და მსგავს პროდუქტს ყიდიან. გამყიდველების თქმით, მაღაზიამდე მისასვლელად უკვე საჭიროა მყიდველმა 1 ლარი გადაიხადოს, რაც ვარაუდობენ, რომ მსურველთა რაოდენობას შეამცირებს.
ახალციხის ავტოსადგურის წინ მდებარე ტერიტორია ხუთწლიანი იჯარით შპს „ვიპ ტრანმა“ გასული წლის ნოემბერში აიღო. ტაქსის მძღოლების თქმით, სწორედ ახალმა კომპანიამ დაუწესა განახლებული ტარიფები.
ჩვენ გვინდოდა კომპანიის წარმომადგენლის პოზიცია შემოგვეთავაზებინა, თუმცა მას შემდეგ რაც საკითხით მედია დაინტერესდა , დირექტორმა ავტოსადგურის ტერიტორია დატოვა.