კოხტა მედიათეკა- წალკაში საგანმანათლებლო სივრცე იხსნება

February 16, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია


,,კოხტა მედიათეკა“ ასე ჰქვია სივრცეს, რომლის გახსნაც წალკის სოფელ კოხტაში იგეგმება. წალკელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე  ისარგებლონ  კომპიუტერებით, ბიბლიოთეკით. ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახელმძღვანელოები.

წალკაში  საგანმანათლებლო და ახალგაზრდული სივრცეების სიმცირე ერთ-ერთი პრობლემაა. ,,კოხტა მედიათეკა“   ადგილობრივებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა თემებზე გამართულ სემინარებსა და დისკუსიებში ჩაერთონ.

,,კოხტა მედიათეკა“    ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ინიციატივაა. ის საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში მოეწყობა. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია  TOK TV.

პროექტი წალკაში  ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობითა და ჩართულობით მულტიკულტურული, მობილური, მულტიმედიური სივრცის არსებობას ისახავს მიზნად.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადგილობრივ  მოსახლეობასთან შეხვედრები. მათი ინტერესების იდენტიფიცირების შემდეგ კი ,,კოხტა მედიათეკა“ დაიწყებს ფუნქციონირებას.