ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს “წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსერვისი” საბურავების შესაძენად 11 940 ლარის გამოყოფას გეგმავს,- ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა განთავსებული.
წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსერვისის დირექტორის პაატა ლომთათიძის ინფორმაციით, სულ 18-დან 24-მდე საბურავის შეძენას გეგმავენ. საბურავები იმ ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც წალკის სოფლებს ემსახურება და დაძველებული საბურავები აქვთ. ასევე 3 ავტობუსისთვის, რომელიც წალკას რუსთავის მერიამ საჩუქრად გადასცა.
რუსთავის მერიის მიერ ნაჩუქარი ტრანსპორტი რეხას, ხანდოს, ბედიანს, არსარვანსა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს “უნი მოტორსმა” მიიღო. მან სამუშაოებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსერვისს 10 000 ლარამდე შესთავაზა.
როგორც ავტოსერვისის დირექტორმა პაატა ლომთათიძემ გვითხრა გამარჯვებული სწორედ შპს “უნი მოტორსი” გახდა. თუმცა, ეს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ჯერ არ არის განთავსებული.
გამარჯვების შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმაც . ჰენრი ჯობაძის თქმით, ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებიათ.