ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
წალკის N1 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება,- ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების გვერდზეა განთავსებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით სამუშაოებისთვის 294 ათას ლარამდეა გამოყოფილი. ტენდერი მიმდინარე წლის 9 მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 25 მარტს დაიწყება და 30 მარტს დასრულდება. სამუშაო გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეასრულოს.
დავინტერესდით, კონკრეტულად რა შეიცვლება წალკის N1 საბავშვო ბაღში რეაბილიტაციის შემდეგ. წალკის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ დაგეგმილია შიდა სარემონტო სამუშაოები, გაკეთდება საკონცერტო დარბაზი. სატენდერო დოკუმენეტებში ასევე მითითებულია ბაღის სახურავის, ფასადის, საქვაბეს შენობის რეაბილიტაცია, შიდა გათბობის მოწყობა.
როგორც ბაღის დირექტორის მოადგილე გვეუბნება აღსაზრდელები ამჟამად გაზით თბებიან. ერთ-ერთი მშობლის თქმით, კი ბაღის ორივე მხარე თანაბრად არ თბება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წალკის N1 საბავშვო ბაღი რამდენიმე ათეული წლის წინაა აშენებული.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას მიესალმებიან აღსაზრდელების მშობლები, თუმცა იქვე ამატებენ, რომ სასურველია ბაღის ეზოში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა და სათვალთვალო კამერის დაყენება.