50 ათას ლარამდე თანხა მერიის და მერიის წარმომადგენლის შენობის რეაბილიტაციისთვის #წალკა #ტენდერი

April 3, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე

განახლება

წალკაში მუნიციპალურ შენობაში საევაკუაციო გასასვლელის და სახანძრო უსაფრთხოების მოწყობის სამუშაოები და მერიის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია 50 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ხდება ცნობილი.

მერიის წარმომადგენლის მირზა გადრანის თქმით, წალკის მერიის შენობას სარემონტო სამუშაოები ბოლოს, დაახლოებით, 2009 წელს ჩაუტარდა. მისივე თქმით, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება მერიის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის სახურავის დეფექტური ნაწილის რეაბილიტაცია, წყალსადენ-კანალიზაციის სისტემის მოწყობა, 2 ოთახის გარემონტება და ა.შ.

მერიის შენობაში საევაკუაციო გასასვლელის, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის და შშმ პირებისთვის შემოსასვლელის მოწყობაა გათვალისიწინებული.

დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 13-18 აპრილს იწარმოებს, ხოლო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეასრულოს.

წალკის მერიის შიდა სივრცის გადაღებაზე უწყების პრესსამსახურმა უარი გვითხრა.