“გაურკვეველია 6 საუკუნით ადრინდელი ტაძრის[ბუზმარეთი] კონფესიურ კუთვნილებაზე დავა,” – საპატრიარქო

May 20, 2023

“მიუღებელია ეკლესიის უგულებელყოფა, ძალადობრივი მეთოდებით სხვის კუთვნილ ტერიტორიაზე შეჭრა და მსახურების აღსრულება,” – საქართველოს საპატრიარქო, 18 მაისს, ბუზმარეთის ეკლესიაში, კათოლიკე მრევლსა და მართლმადიდებელ მამაოს შორის მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

“გუშინ, 2023 წლის 18 მაისს, მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ბუზმარეთის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტერში, ამაღლების სახელობის ტაძართან მომხდარი ინციდენტის შესახებ.

ინფორმაცია ცალმხრივად და ტენდენციურად გაშუქდა კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ, ამასთან, მასში მართლმადიდებელი სასულიერო პირი დისკრედიტებულად იქნა წარმოჩენილი.

გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ პრობლემის რეალური სახე. ბუზმარეთის V საუკუნის ტაძარი არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული ძეგლი, რომელთანაც არავითარი კავშირი არ აქვს კათოლიკურ ეკლესიას. კათოლიკური ეკლესია, როგორც ცალკე ერთეული, XI საუკუნიდან იწყებს ჩამოყალიბებას, ამიტომ გაურკვეველია 6 საუკუნით ადრინდელი ტაძრის კონფესიურ კუთვნილებაზე დავა. ბუზმარეთში ფუნქციონირებს მართლმადიდებლური მონასტერი და მოღვაწეობენ მართლმადიდებელი ბერ-მონაზვნები.

მრავალი წელია ადგილობრივი კათოლიკური თემი აცხადებს უსაფუძვლო პრეტენზიას ამ ტაძარზე. ყოველ წელს განსაკუთრებული აგრესიითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით თუ ქმედებებით ცდილობენ, ჩაატარონ ლოცვითი მსახურება. პროვოკაციებს თან ახლავს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის სრული იგნორირება და არაფრად ჩაგდება.

ამჯერადაც სწორედ ასეთ გამომწვევ ქმედებას ჰქონდა ადგილი. ისინი ლამობდნენ მონასტრის ეზოში შეჭრას და მსახურების ჩატარებას. თუმცა, როცა ეს ვერ მოახერხეს, შემდეგ არამართებულ ადგილას, მონასტრის გამოსასვლელ გზაზე, კარიბჭესთან მაინც ჩაატარეს მსახურება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მათ – როგორც კათოლიკე მრევლს, ასევე სასულიერო პირებს, არასდროს შეჰქმნიათ პრობლემა უშუალოდ ტაძრის მოლოცვისა და მონახულებისა.

ვიმედოვნებთ, ჩვენს ეკლესიებს შორის კვლავ მშვიდობას და იმ სტატუს-კვოს შევინარჩუნებთ, რაზეც ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება.

დაბოლოს, კვლავ დავძენთ, რომ მიუღებელია ეკლესიის უგულებელყოფა, ძალადობრივი მეთოდებით სხვის კუთვნილ ტერიტორიაზე შეჭრა და მსახურების აღსრულება,” – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ 18 მაისს, კათოლიკური ეკლესიის მედია პლატფორმამ გაავრცელა განცხადება, რომ ბუზამრეთის ეკლესიის ეზოს გარეთ, კათოლიკე მრევლს, მართლმადიდებელი მამაო წირვის აღვლენაში ხელს უშლიდა.

Tags: