ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 18 ავტობუსის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 800 000 ლარს გამოყოფას გეგმავს, ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოაცხადა. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემწირველმა კომპანიამ, „ჯი–თი გრუპმა“ მიიღო. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ყველა ავტობუსი უნდა იყოს მწვანე ფერის ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის, 2023 წელს გამოშვებული.
ტენდერში მონაწილე კომპანია „ჯი–თი გრუპმა “ მერიას Isuzu–ს ბრენდის Novociti მოდელის ავტობუსი შესთავაზა, თითოეული ავტობუსის ღირებულება 378 060 ლარს შეადგენს.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, ავტობუსები ქ. ახალციხეში და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ყოველდღიურად იმოძრავებს. უწყების ცნობით, ავტობუსების შესაძენად თანხები, სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.