ბრუცელოზი სამცხე-ჯავახეთში-დაავადების სიმპტომები და თავიდან აცილების გზები ახალციხეში

May 25, 2023

ბრუცელოზით ადამიანის დაინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსი ახალციხის საკრებულოს დეპუტატის შვილს დაუდასტურდა. მან გვითხრა, რომ ბავშვს სიმპტომები ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველის ჭამის შემდეგ გამოუვლინდა. ამბობს, რომ დაავადების დადგენა თავიდან ვერ შეძლეს და მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვი ბრუცელოზით იყო დაინფიცირებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან ცხოველები და ადამიანები. დაავადება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით ვრცელდება.

დაავადებას შემდეგი სიმპტომები აქვს: ცხელება, სახსრების ტკივილი, ზოგადი სისუსტე. ინფექციონისტის ქეთინო ჯინჭველაძის თქმით, აუცილებელია, პირველ რიგში, ვირუსის დამარცხდეს ცხოველში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ახალციხეში დაფიქსირებულ შემთხვევაზე მოკვლევა დაწყებულია. უწყებაში ამბობენ, რომ ბრუცელოზზე პროფილაქტიკური ვაქცინაცია წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველებში ყოველწლიურად ტარდება. მათივე ცნობით, წლიურად იცრება 90 000 წვრილფეხა და 150 000 მსხვილფეხა ცხოველი.

როდის გამოიკვლია სააგენტომ ბოლოს პირუტყვი სამხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში და როგორი იყო კვლევის შედეგი? ინფორმაციის მოწოდებას უწყებაში 3 დღეში შეგვპირდნენ.

არის თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმირებული ბრუცელოზით ადამიანის დაავადების ფაქტის შესახებ, დაიწყეს თუ არა მოკვლევა და რა ნაბიჯებს გადადგამს უწყება გავრცელების პრევენციისთვის ?კითხვებით პრესსამსახურს დავუკავშირდით. უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,  რომელმაც  სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შედგენილი აქვს რეკომენდაციები რომელიც  მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ.

რაც შეეხება ახალციხეში ბრუცელოზით დაავადებულ არასრულწლოვანს, ოჯახის წევრების ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის თბილისში წაყვანას გეგმავენ.

დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც არის დაავადებული ამბობს, რომ დაავადება ასპინძაშიც არის გავრცელებული და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

https://youtu.be/7XVtwAGkaVs