ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში, სასმელი წყალის სისტემის მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც ახალციხის მერია 200 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება მილების, რეზერვუარის და გამანაწილებლების მოწყობა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
იმის შესახებ, რომ სოფელ გიორგიწმინდაში მოსახლეობას სხვა საკითხებთან ერთად სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები ქონდათ, საუბრობენ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტშიც. სოფელში მცხოვრებლები გვეუბნებოდნენ, რომ მცირე რაოდენობის წყალს, რომელიც სანიაღვრე არხის მიმდებარედ, წვრილ მილში მოდიოდა 20-მდე ოჯახი ინაწილებდა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს. წინადადებების მიღება 23-26 ივნისს იწარმოებს.