ახალციხის საკრებულოს და მერიის თანამშრომლები დავალებისამებრ ისეთ პოსტებზე აკომენტარებენ და ტოვებენ რეაქციებს, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” მისაღება ან – პირიქით. დავალებას საჯარო მოხელეები “ვოთსაფ”- ში იღებენ,-ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯგუფს კურირებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც კონკრეტულ მასალის ბმულს ჩატში აზიარებს. მასალის მიხედვით, ჯგუფში ცდილობენ “მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტის თემურ ჭყონიას “გაშავებას”, ხოლო “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების განცხადებების მოწონებას.
მედიის ცნობით “ვოთსაფ-ის” ჯგუფშია, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტაბატაძეც, რომელსაც მთავარის ჟურნალისტი მამუკა მდიანარაძის ასისტენტად გაეცნო და ახალი მითითების გაცემის მიზნით, თბილისში შეხვედრაზე დაიბარა – რაზეც ტაბატაძე დათანხმდა.
აღნიშნული მიმოწერის ავთენტურობას უარყოფს საკუთრივ ტაბატაძე, იგი ასევე არ ადასტურებს ჩატის არსებობას და ამბობს, რომ როგორც მიმოწერები, ასევე მათი საუბარი კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ჩვენი კითხვას: ხომ არ ფიქრობენ, რომ აღნიშნული მიმოწერა და მითითებები ეწინააღმდეგება თვითმმართველობის კონცეფციას და პრინციპებს – უპასუხოდ დატოვა.
ჩვენ ასევე გვინდოდა დავკავშირებოდით ახალციხის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, თუმცა არც მათ და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.