ეს ადიგენის ცენტრალურ გზაზე არსებული საორიენტაციო სარკეა, რომელიც როგორც კადრში ხედავთ ჩამომტვრეულია და საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს.
ადგილობრივების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდებარედ გზაჯვარედინი და მკვეთრი მოსახვევია, ავტომობილების გადაადგილება საფრთხის შემცველია.
აქვს თუ არა ინფორმაცია დაზიანების შესახებ ადიგენის მერიას, აპირებენ თუ არა და როდის სარკის გამოცვლას? – კითხვებით ადიგენის მერიას დავუკავშირდით. მერის, გოჩა ქიმაძეს თქმით, მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საორიენტაციო სარკის გამოცვლაც.
პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი, ირაკლი იზორია გვეუბნება, რომ საორიენტაციო სარკეების დაზიანების და ჩამომტვრევის შემთხვევები ხშირია. ამის თავიდან ასაცილებლად კი შესაძლებელია ისეთ სარკეების დაყენება, რომლებიც დარტყმას უძლებს და დაზიანების ნაკლები შანსია. მისივე თქმით, დაზიანებული სარკეები ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის.
გარდა ადიგენისა, დაბურული და ჩამომტვრეული საორიენტაციო სარკეები იყო ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, ქალაქის შესასვლელთან და მარდის დასახლებაში, რომლებიც ჩვენი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მოაწესრიგეს.