ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ, რომ ბანერი, რომელზეც ბორჯომელი სპორტსმენი, გიორგი ტალახაძე იყო გამოსახული მათი განკარგულებით ჩამოხსნეს და ამბობენ, რომ იგი ნებართვის გარეშე იყო გაკრული.
საუბარია “მე მიყვარს ბორჯომის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სპორტსმენის ბანერი რომელიც ორი დღის წინ გააკრეს, მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებით ჩამოხიეს, მიზეზად კი მასზე გამოსახულ “TV პირველის” ლოგოს ასახელებენ.
“ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც სპორტსმენს კრედიტით უწევს რეკორდის დამყარება,” – ნათქვამია განცხადებაში.
მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულს უარყოფენ და ამბობენ, რომ მზადდება გიორგი ტალახაძეს შესახებ ახალი ბანერი, რომელსაც იგივე ადგილზე გააკრავენ.
აღნიშნულს გვიდასტურებს საკუთრივ გიორგი ტალახაძეც. “დამიკავშირდნენ და მითხრეს ახალ ბანერს ვამზადებთო.”
აქვე გეტყვით, რომ ბორჯომელმა სპორტსმენმა გიორგი ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მან ხუთი ტრაილერი, რომელიც დაახლოებით 85 ტონას იწონიდა, მხრებით გასწია.
ეს ტალახაძეს რიგით მეორე მსოფლიო რეკორდია, მანამდე ბორჯომელმა სპორტსმენმა, ბათუმელ ბაგრატ ჟღენტთან ერთად 240 ტონიანი მატარებლის 10 ვაგონი, 5 მეტრზე გაწიეს.