“კანონპროექტის ხელახლა შემოტანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს” – ევროკავშირი

April 4, 2024

“გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული,” – ევროკავშირი, ე.წ “რუსული კანონის” კვლავ ინიცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

“საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი  წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადადგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს.

გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.”

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი გუშინ ააინიცირა – მამუკა მდინარაძის თქმით, კანონის შინაარსი ანალოგიური იქნება, ხოლო სახელი „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავენ. რუსული კანონის მიღებას მმართველი პარტია, 2023 წლის მარტშიც გეგმავდა, თუმცა მოსახლეობის პროტესტის შედეგად კანონპროექტი უკან გაიწვია.

მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურნენ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის, ახალციხის ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი.

მესხიშვილის თქმით, “არჩევნების წინ ასეთ კანონზე ფიქრი “ხარაკირია”