დაშბაშის კანონი პირველკლასელებს უფასოდ მოემსახურება, თუმცა მშობლებს მაინც მოუწევთ გადახდა

September 18, 2024

ავტორი: ლამუნა ირემაშვილი

წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე დაშბაშის კანიონი პირველ კლასელებს უფასოდ სთავაზობს კანიონის დათვალიერებას. პატარა ვიზიტორებისთვის აქცია 16 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ,,აქცია ეხება სკოლებს (ექსკურსიებს), რომლებიც მოიყვანენ პირველი კლასის ბავშვებს და წარმოადგენენ ცნობას სკოლიდან. ჯგუფში ბავშვების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 15, ასევე უნდა ახლდეთ მშობლები.“

აღსანიშნავია, რომ მშობლებზე ეს აქცია არ ვრცელდება და შესაბამისად მათ სრული ღირებულება – 29 ლარი უნდა გადაიხადონ.

კომპანიაში გვეუბნებიან, რომ პირველკლასელებთან ერთად უფასოდ 2 მასწავლებელი დაიშვება.

ოჯახი, რომელიც მოიყვანს პირველ კლასელ ბავშვს, თან უნდა იქონიოს დაბადების მოწმობის ფოტოსურათი ან პირადობა.

Tok tv -ის რედაქცია დაინტერესდა უსაფრთხოების ზომებით, რამდენად არის დაცული პატარების უსაფრთხოება. რადგან, რამდენიმე თვის წინ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად ,,დაშბაშის კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მქონე მეწყრული და ქვათაცვენით უბნებია, რომელიც საშიშროებას ქმნის. სააგენტოს ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში არსებული დაშბაშის კანიონის ბილიკებზე გადაადგილება საფრთხეს უქმნის დამსვენებლებს, მომსახურე პერსონალს და ინფრასტრუქტურას“.

გეოლოგიური პროცესების შესახებ, ყოველწლიურ ბიულეტენში, სააგენტო მიუთითებს, რომ კანიონზე უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა გადაუდებელი პრევენციულ/შემაკავებელი ღონისძიებების გატარება.

რა საშიშროება შესაძლოა იმალებოდეს დაშბაშის კანიონის ლამაზი გარემოს მიღმა – დასკვნა

TOK TV -ი დაინტერესდა უსაფრთხოების მიზნით რა ტიპის პრევენციული ზომები გატარდა. ჩვენ კანიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს წერილობით გავუგზავნეთ კითხვები. გვაინტერესებდა, ერთდროულად რამდენი ვიზიტორის ( არასრულწლოვანის) მიღებაა შესაძლებელი მითითებულ დღეებში, რა ტიპის უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული და მითითებულ დღეებში კანიონი უმასპინძლებს მხოლოდ პირველკლასელებს თუ ღია იქნება სხვა ვიზიტორებისთვისაც.

გვიპასუხეს რომ: ,,წალკის კანიონის ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოების ნორმები და ვიზიტორების სტუმრობა არ შეიცავს საფრთხეს. მუდმივად ხორციელდება შემოწმება და ნალექიანი დღეების შემთხვევაში იზღუდება კანიონში გადაადგილება,“ – წერია დაშბაშის კანიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილში.

ფოტო; კას ლენდი

ამავე თემაზე;

Tags: