ავტორი: მიშო დარბაიძე – 577671889
მედიკამენტები, შპრიცები, ლაბორატორიული ხელსაწყოები, სტომატოლოგიური მასალები — ისინი ადამიანის ჯანმრთელობის და დიაგნოზის დასმის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს წარმოადგენენ. მაგრამ მათი დანიშნულების ამოწურვის შემდეგ, ეს ნივთები შესაძლოა საფრთხედ იქცეს როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის.
ერთმა შპრიცმა შესაძლოა გადაარჩინოს სიცოცხლე, მაგრამ არასწორად გადაგდებული იგივე შპრიცი შესაძლოა დაავადების გავრცელების წყარო გახდეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სამედიცინო ნარჩენების სწორი მართვა.
საქართველოს “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” ( NCDC) სამედიცინო ნარჩენებს ორ, საშიშ და არასაშიშ კატეგორიად ყოფს და მათ შემდეგნაირად განმარტავს:

ამავე ცენტრში მიუთითებენ, რომ სამედიცინო ნარჩენები, შესაძლოა შეიცავდეს იმ მავნე მიკროორგანიზმებს, რომელიც დაინფიცირების რისკის ქვეშ აყენებს საზოგადოებას.
სამედიცინო ნარჩენები შეგხვდებათ როგორც უკვე გაუქმებულ სამედიცინო დაწესებულებებთან და ლაბორატორიებთან, ასევე შესაძლოა მათ წააწყდეთ ნაგვის ბუნკერებში, მდინარის და ზღვის ნაპირებზე. სამედიცინო ნარჩენების ბუნებაში გავრცელების წყარო შესაძლოა იყვნენ ინდივიდუალური ადამიანებიც.
მაგალითად, ხობის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას, ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი სანაპიროებზე სამედიცინო ნარჩენების და მისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ გვესაუბრება.
გარდა ამისა, სამედიცინო ნარჩენების პრობლემაზე ისაუბრეს, ხობში და ფოთში, გამართულ შეხვედრაზეც, რომელსაც სხვადასხვა სექტორის —, ბიზნესის, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა ისაუბრეს იმაზე, რომ ფოთის სანაპიროზე ხშირად გვხვდება სამედიცინო ნარჩენები, რაც განსაკუთრებულად საშიშია — როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველური სამყაროსთვის. ამასთან, გავრცელებული პრაქტიკაა, რომ თევზის გადამამუშავებელი საწარმოები თავიანთ ცხიმოვან ნარჩენებს პირდაპირ რიონში უშვებენ, ყოველგვარი გაფილტვებისა და კონტროლის გარეშე.
„შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს — მდინარეს ზემოდან ცხიმის ფენა აქვს გადაკრული, აი ისე, თითქოს პარკშია გახვეული. ეს ფენა ჟანგბადს არ ატარებს და ფაქტობრივად ახრჩობს წყალქვეშა არსებებს,“ — აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი მონაწილე.
აქვს თუ არა ხობის მუნიციპალიტეტის მერიას პროგრამა, სამედიცინო ნარჩენების მართვის და გადამუშავების მიმართულებით? – ამ საკითხზე საჯაროდ არცერთი ოფიციალური დოკუმენტი არ იძებნება. ჩვენ ინფორმაცია მუნიციპალიტეტისგან საჯარო წესით გამოვითხოვეთ.
მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტი მდინარეების და ზღვის სანაპიროს არ ასუფთავებს და მიუთითებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებს გააჩნიათვალდებულება იმოქმედონ „ტექნიკური რეგლამენტის „სამედიცინო ნარჩენების მართვა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20217 წლის 16 ივნისის N 294 დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს “სამედიცინო ნარჩენების მართვის” ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულია სამედიცინო დაწესებულებებში ნარჩენების მართვის, ტრანსპორტირების და გადამუშავების წესი. ის შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: ( დააჭირეთ აქ )
როგორია სამედიცინო ნარჩენების მართვის პოლიტიკა საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა დღეს? – ვკითხეთ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” ხელმძღვანელს, ნინო ჩხობაძეს.
ჩხობაძე მოსახლეობის და კერძო აფთიაქების მიერ გადაყრილ ნარჩენებზე აკეთებს აქცენტს, სადაც სამედიცინო ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება პრობლემურ საკითხად რჩება , ხოლო გადაყრილი ნარჩენები (ვადაგასული მედიკამენტები, ქიმიური ნივთიერებები, პამპერსები) საერთო ნაგავსაყრელზე ხვდება.
ჩხობაძეს ჩვენ ასევე ვკითხეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ სამედიცინო ნარჩენები არა ღია, არამედ სპეციალურ დახურულ სივრცეში მოხვდეს – მოვუსმინოთ მის პასუხს.
სამედიცინო ნარჩენების ბედი ევროპაში
სამედიცინო ნარჩენების დამუშავების დროს, ოფიციალური მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში, მათ სამი კატეგორია ენიჭებათ: ქიმიური, ინფექციური და არასაშიში. შესაბამისად, მათი გადამუშავება და განადგურება ინდივიდუალურად ხდება.
მაგალითად, ნარჩენებს 1000 გრადუსამდე წვავენ, მაღალ ტემპერატურაზე უტარებენ დეზინფექციას, ანეიტრალებენ სპეციალური ქიმიური საშუალებებით და ა.შ.

გაერო და სამედიცინო ნარჩენები
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) წლებია მუშაობს, წევრ ქვეყნებში ნარჩენების მართვის საკითხზე. პროექტების ნაწილს საქართველოცაა შეერთებული.
მაგალითად:
ბაზელის კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ. კონვენცია ძალაში 1992 წელს შევიდა, ხოლო მას საქართველო 1999 წელს შეუერთდა.
ბაზელის კონვენცია გულისხმობს სახიფათო და განსაკუთრებით სახიფათო ნარჩენების, განვითარებული ქვეყნებიდან ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში გადაზიდვის შემცირებას.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) პარიზის შეთანხმება, რომელსაც საქართველო 2017 წელს შეუერთდა. შეთანხმება გულისხმობს, რომ წევრ ქვეყნები მზაობას გამოხატავენ, საკუთარი წვლილი შეიტანონ სათბურის აირების (GHGs) ემისიების შემცირებაში.
_______
დააჯარიმეს თუ არა და რამდენი კომპანია სამედიცინო ნარჩენების გადაყრის და გადაუმუშავებლობის გამო ? – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ 2023-25 წლებში, სამედიცინო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, 4 სამედიცინო კომპანია გამოავლინეს, მათგან 2-ს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ხოლო 1 კომპანია 5 000 და მეორე კომპანიას 10 000ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
გარემოს დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ყოველწლიურად საქართველოში 2 000 ტონაზე მეტი სამედიცინო ნარჩენი მუშავდება.
მთავარი ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით.