აქ მიმოვიხილავთ კომპოსტირების მნიშვნელობას, როგორც ორგანული ნარჩენების მართვის ეფექტურ მეთოდს სოფლის მეურნეობაში. მოცემულია კომპოსტირების პრაქტიკული ასპექტები, მისი სარგებელი გარემოსა და ფერმერებისთვის, ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები კომპოსტირების პროცესის სწორად წარმართვისთვის.
მემცენარეობისა და მეცხოველეობის წარმოებაში წარმოქმნილი ორგანული ნარჩენების არასწორი მართვა გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. ლპობის შედეგად გამოიყოფა სათბური გაზები (მეთანი და ნახშირორჟანგი), ხოლო არაკონტროლირებული განთავსების შემთხვევაში შესაძლოა დაბინძურდეს ნიადაგი და გრუნტის წყლები. კომპოსტირება ამ პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტას წარმოადგენს — აქცევს ნარჩენებს ღირებულ ორგანულ სასუქად და ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. კომპოსტირება ხელს უწყობს კლიმატის მიმართ მოქნილი ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას, რაც ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.
სამი სოფლის საოჯახო მეურნეობებში RCDA-ის პროგრამა „მედეგობის გაძლიერება – ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისთვის“ ფარგლებში მოეწყო მდგრადი პრაქტიკის სადემონსტრაციო გადაწყვეტები, რომელიც მოიცავდა ნაკელის შემაგროვებელ და კომპოსტის დასამზადებელ ავზს, კომპოსტის პრესს და საჭრელს ბიოსაწვავის დასამზადებლად.
ხობის კლიმატის კვირეულის მონაწილეებმა თორსაში, დემო-საიტზე, დაათვალიერეს კომპოსტირების პლატფორმა და გაეცნენ ნარჩენების მართვის ამ ეფექტური მეთოდის სიკეთეებს, რაც გულისხმობს გარემოს დაბინძურების პრევენციას და ფერმერებისთვის სარგებლის მოტანას. თორსას დემო-საიტზე მოწყობილ კომპოსტირების სპეციალურ ავზში ნაკელთან ერთად კომპოსტირდება ორგანული ნარჩენები, როგორიცაა საკვები ნარჩენები, სიმინდის ტარო და ფოთლები.
დასაკომპოსტირებელი ავზი მარტივად მზადდება: ორმოში კეთდება სპეციალური ბადე, მიწის ზემოთ კი — ხის საიზოლაციო ღობე. დაგროვებული მასა ერთ თვემდე ყოვნდება, რის შემდეგაც ფერმერი საუკეთესო ბიოსასუქს იღებს. ამ გზით მიიღწევა ნაკელით გამოწვეული გარემოს დაბინძურების შემცირება. გარდა ამისა, ნაკელიდან ბიოგაზის მიღებაც მნიშვნელოვანია და წარმოადგენს აპრობირებულ პრაქტიკას. თუმცა, ამ ეტაპზე ლოკაცია ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია მომავალში დაემატოს ნარჩენების მართვის სრული ციკლის სრულყოფის მიზნით.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კომპოსტში არ უნდა გამოვიყენოთ შხამიანი მცენარეები, როგორიცაა ლენცოფა, აბუსალათინი, ევკალიპტი, დაფნა, წაბლი, აკაცია, კაკალი და კიპარისი. ასევე, კომპოსტში არ უნდა შეერიოს მეტალი, პლასტმასი, შუშა და ხის დიდი ნაჭრები.

ფერმერები, რომლებიც წლებია კომპოსტს ბიოსასუქად იყენებენ, აღნიშნავენ, რომ მიწის განოყიერების ეს მეთოდი ეკოლოგიურთან ერთად ხარჯეფექტურიცაა.
კომპოსტის დასამზადებლად რამდენიმე ფენა ნარჩენი საწყობდება. ბიომეურნეობის აგროკონსულტანტი ნუკრი მემარნიშვილი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიურ პროცესში რამდენიმე წესი არის საყურადღებო იმისათვის, რომ კომპოსტმა სასასუქე ღირებულება მაქსიმალურად შეინარჩუნოს და გასანოყიერებლად ეფექტური იყოს.
დაუმუშავებელი ნაკელის შეტანა მეურნეობაში დაუშვებელია. სამწუხაროდ, ფერმერების ნაწილი ამ მანკიერ პრაქტიკას დღემდე მისდევს, რაც მაღალი რისკის შემცველია.
კომპოსტის გარდა არსებობს ვერმიკომპოსტი, იგივე ბიოჰუმუსი, რომელიც კიდევ უფრო სასარგებლოა, რადგან პროცესში ჭიაყელები ერთვებიან და სასუქს კიდევ უფრო ანოყიერებენ. საქართველოში გამოყვანილია ადგილობრივი ჯიშის ჭიაყელა, რომლის მონაცემები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო ჯიშებს შორის — ჭიაყელის მუშაობისა და კომპოსტის ათვისების მაჩვენებლით. სწორედ ეს ხდის ამ ჭიაყელით დამზადებულ ბიოჰუმუსს უფრო ღირებულსა და სასარგებლოს.
„ნაკლები აგროქიმია და მეტი ბიოწარმოება“ — აგროწარმოების ამ პრაქტიკაზე ცივილიზებული სამყარო დიდი ხნის წინ გადავიდა. უნდა გვახსოვდეს: „სჯობს მოსავალი უფრო ნაკლები და ხარისხიანი იყოს, ვიდრე ბევრი და ჯანმრთელობისთვის საშიში“, რადგან ხარისხიანი პროდუქტი ნიშნავს ჯანმრთელობას, უხარისხო კი — ექიმთან ვიზიტს, რაც ნებისმიერ ქვეყანაში საკმაოდ ძვირი ჯდება.