წალკის სოფლების, ხაჩკოვისა და გუმბათის დამაკავშირებელი გზა წლებია დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს – ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ეს ლევან მკრტიჩიანია, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვში მცხოვრები. მკრტიჩიანი უკვე მეორედ სხვადასხვა დროს უკავშირდება ჩვენ რედაქციას, ერთი და იგივე პრობლემით, ხაჩკოვისა და გუმბათის დამაკავშირებელი გზის პრობლემით. აღნიშნული საგზაო მონაკვეთი წლებია დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. მკრტიჩიანის თქმით, აღნიშნულ გზაზე ასფალტი არასდროს ყოფილა დაგებული და გზას მხოლოდ ხრეშავდნენ.
მოხრეშვის შედეგები, მკრტიჩიანის თქმით მალევე ქრება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც თოვლი დნება და ნიაღვრები ხრეშს რეცხავს. შედეგად კი დღეს გზა ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაც კი სირთულეს წარმოადგენს.
ჩვენ აღნიშნულ გზაზე არსებული პრობლემის შესახებ მკრტიჩიანი 2022 წელსაც დაგვიკავშირდა. მისი თქმით, მდგომარეობა ახლა კიდევ უფრო გაუარესებულია. 4 წლის წინ წალკის მერიაში ამ საკითხზე კომუნიკაციისას გვითხრეს, რომ გზის დაზიანების შესახებ მათთვის ცნობილი იყო და აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა დაწყებულიყო.
რა ხდება დღეს და რა გეგმა აქვს მერიას ხაჩკოვი-გუმბათის გზასთან დაკავშირებით? – წალკის მერიაში დღეს ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ჩვენ უწყებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მათგან პასუხის შესაბამისად აუდიტორიასაც განვუახლებთ ინფორმაციას.