როგორ აისახება ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობა ახალგაზრდების გაძლიერებაში, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერაში, თემების განმტკიცებასა და რეგიონების განვითარებაში – დღეს ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და დიპლომატებთან ერთად ბოლნისში იმყოფებოდნენ.
ევროპის ქვეყნების ელჩების ვიზიტი ბოლნისის სიონით დაიწყო, უნიკალური ქართული რელიგიური ხუროთმოძღვრების ძეგლით, რომელიც, სტუმრების შეფასებით “ევროპულ კულტურულ და ცივილიზაციურ სივრცესთან საქართველოს ღრმა კავშირის სიმბოლური გამოხატულებაა”.
ელჩები და დიპლომატები ავსტრიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვიდან, ნიდერლანდებიდან და შვედეთიდან დღეს სამოქალაქო და მედია სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
„აქ, ბოლნისში, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის კოლეგასთან ერთად ყოფნა არის დასტური იმისა, რომ ჩვენ ერთგულად ვუჭერთ მხარს საქართველოს რეგიონების განვითარებას. უკვე 30 წელია, რაც „ევროპის გუნდი” დგას საქართველოს გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.