სამცხე-ჯავახეთში ბოლო ერთ თვეში 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავარიების მიზეზად სპეციალისტები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, გადაჭარბებულ სიჩქარეს, მძღოლების დაუდევრობასა და გაუმართავ ავტომობილებს ასახელებენ
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება
დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ მხოლოდ ჯარიმების გამკაცრება საკმარისი არ არის და სისტემური ცვლილებებია საჭირო
რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოს საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა და რა იწვევს ავარიების მზარდ სტატისტიკას – ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.
ტექსტი:
ბოლო ერთ თვეში, სამცხე-ჯავახეთში 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა, – ეს შემთხვევები ჩვენმა რედაქციამ შეიტყო და გააშუქა.
მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში გუშინ მოხდა, სოფელ გიორგიწმიდნასთან, რა დროსაც ავტომობილი არხში გადავარდა და შედეგად ორი პირი დაშავდა.
8 მაისს, ახალციხის სოფელ აწყურთან ავტომობილი ცხენს შეეჯახა, შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი – დაშავდა. შსს-მ გამოძიება ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
ავტო ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა 14 მაისსაც, ასპინძა ახალციხის გზაზე.
23 აპრილს კი, ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.
სურათი მეტ-ნაკლებად მსგავსად კრიტიკულია საქართველოს დანარჩენი რეგიონებისათვისაც. 14 მაისს, გარდაბანში ავტოსაგზაო შემთვევას 8 ახალგაზრდა ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით, 7 პირი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 1 კლინიკაში.
ჩვენს მიერ ჩამოთვლილი შემთხვევები ჯერ შსს-ს სტატისტიკაში არ ასახულა, თუმცა ამავე უწყების 2026 წლის პირველ სამი თვის მონაცემებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით, საქართველოში 15 000-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ავტო ავარიებს მხოლოდ სამ თვეში 92 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო – 989 დაშავდა.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, შსს-ს სტატისტიკის ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში, ჩვენს რეგიონში 14 ავარიაზე დაიწყო სისხლის სამართლსი კოდექსით გამოძიება, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა და 33 დაშავდა.
რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოს სატრანსპორტო და საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა? მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ კონტროლი არასაკმარისია, ხოლო ნაწილის მოსაზრებით პრობლემა გადაჭარბებულ სიჩქარეშია.
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დაზიანებული გზები, მძღოლების დაუდევრობა თუ გაუმართავი ავტომობილები, – ავარიების სტატისტიკას ბევრი ფაქტორი ქმნის. დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული გამომწვევი მიზეზის თანმიმდევრული ანალიზი და კრიტიკული ვითარების ეფექტიანი მართვა.
სპეციალისტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ ე.წ. „შავ წერტილებზე“ – საგზაო მონაკვეთებზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები განსაკუთრებით ხშირად ფიქსირდება.
საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფის და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია მოტივით, “ქართულმა ოცნებამ” პირველი მაისიდან ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმები გაიზარდა. თუმცა, ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტი, რევაზ ველიჯანიშვილი გვეუბნება, რომ საჭროა სტრუქტურული ცვლილება.
ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი, საკუთრივ ავტოტრანსპორტის გაუმართობითაც არის გამწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მონაცემებით, საქართველოში ტექნიკური დათვალიერება უკვე 3 მილიონზე მეტმა ავტომობილმა გაიარა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ პერიოდული ინსპექტირება საკმარისი არ არის.
გაეროს პროექტების კონსულტანტი ტრანსპორტის საკითხებში, გელა კვაშილავა, ამბობს, რომ აუცილებელია მონიტორინგის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და ავტომობილების გზებზე პერიოდული შემოწმება.
მხოლოდ მაისში ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ავტომობილებს მოძრაობისას ან საჯარო სივრცეში ცეცხლი გაუჩნდა. მაგალითად, 15 მაისს, ახალციხეში, ქუჩაში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, 11 მაისს ავტომობილი მარნეულში დაიწვა, 7 მაისს კი მანქანა ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე დაიწვა.
სამივე მათგანზე გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ჩვენ 15 მაისის შემდეგ ვცდილობთ გავარკვიოთ თუ რა დაადგინა გამ`ძიუებამ, თუმცა აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
როგორ ამოწმებს სახელმწიფო ავტომობილების გამართულობას და რა ნაბიჯები იდგმება გზებზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად? – ამის გასარკვევად ჩვენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან და ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშრდით.
ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში უნდა გაგვერკვია. დავუკავშირდით ეკონომიკის სამინისტროსაც, თუცმა 1 კვირაზე მეტია, დაპირების მიუხედავად, ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში ჯამში 70 000-მდე ავარია მოხდა. შედგად გარდაიცვალა 500-მდე პირი და დაშავდა 8 000-ზე მეტი.
2024 წელს ეს მაჩვენებელი 60 000-ზე მეტი იყო, ხოლო 2023 წელს, 55 000 -მდე ავარია მოხდა.