...

რაბათის მიმართულებით მოძრავი №3 ავტობუსი შუადღის რეისებს არ ასრულებს

August 4, 2026

ახალციხეში №3 მუნიციპალური ავტობუსის მგზავრები აცხადებენ, რომ რაბათის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ბოლო პერიოდში განრიგს ხშირად არღვევს. მათი თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია შუადღის რეისები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ სრულდება.

მგზავრები ამბობენ, რომ ავტობუსის დაგვიანება ან საერთოდ არმოსვლა მათთვის ყოველდღიურ პრობლემად იქცა. მათი თქმით, განსაკუთრებით რთულია გაჩერებაზე დიდხანს ლოდინი მაღალი ტემპერატურის პირობებში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსი საერთოდ არ მოდის, დანიშნულების ადგილამდე ფეხით მისვლა, რაც სამუშაოსა და სხვა ყოველდღიურ საქმიანობებზე დაგვიანების მიზეზი ხდება.

მგზავრების ინფორმაციით, ბოლო დღეებში რამდენიმე რეისი არ შესრულდა. მათი თქმით, №3 მარშრუტზე მოძრავი მწვანე ავტობუსი რომელიც რუსთაველის ქუჩის გავლით რაბათში ამოდის გუშინ 16:20 საათზე არ გამოჩენილა, ასევე არ ყოფილა შაბათს 15:40 საათზე და არც დღეს, 15:40 საათზე, როდესაც ტრანსპორტი რაბათიდან უნდა გასულიყო.

რატომ დადის ავტობუსი განრიგის დარღვევით ? ამ კითხვით ახალციხის მერიას მივმართეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ ავტობუსს პროგრამული ხარვეზი აქვს, რის გამოც მარშრუტი ამ ეტაპზე მხოლოდ დილით, შუადღითა და საღამოს სრულდება. მათივე ინფორმაციით, მოძრაობა სრულად ზეგიდან აღდგება .